მცენარეები ბეჭდვა ელფოსტა

ტყეს ქვეყნის საერთო ტერიტორიის დაახლოებით 38% უკავია. ტყის ეკოსისტემები დამახასიათებელია ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონისთვის. გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ ჯავახეთის პლატო, ხოლო ხევისა და მთიანი თუშეთის რეგიონებში ტყეს ძალიან მცირე ფართობი უკავია. დასავლეთ საქართველოში ტყე უკვე ზღვისპირიდანაა გავრცელებული, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში ტყის სარტყელი ძირითადად 600-700 მეტრიდან იწყება.

 ჭალის ტყის ბიომი აღმოსავლეთ საქართველოში განვითარებულია მდინარეების – მტკვრის, ივრის, ალაზნის და ქციის ქვემო წელის გასწვრივ. მათში ჭარბობს მუხა Quercus pedunculiflora, აგრეთვე ვერხვი Populus canescens, Populus hybrida, ქაცვი Hyppophae rhamnoides და სხვ. ეს ტყეები მდიდარია ლიანებით. დასავლეთ საქართველოს ჭალის ტყეებში წამყვანი პოზიცია უჭირავს მურყნარებს. ამ ტყეებისთვის დამახასიათებელია გვიმრა (Mateucia struthiopteris) და ლიანები (Hedera colchica, Smilax exscelsa, Vitis sylvestris).თითქმის გაუვალ რაყებს ჰქმნის მაყვალი (Rubus anatolicus).

  საკმლის ხის (Pistacia mutica) ნათელი ტყე მიეკუთვნება დასავლეთ-ირანულ ტიპს, რომელშიც გვხვდება სხვადასხვა ბუჩქები (Paliurus spina-christi, Rhamnus pallasii, Cotinus coggygria და სხვ.). გვხვდება აგრეთვე საკმლის ხის სუფთა რაყები, რომელსაც ცალკეული ხე ან ბუჩქები თუ შეერევა ხოლმე.

ღვიიან ნათელ ტყეებს უკავიათ მცხეთისა და ვაშლოვანის მთისწინების ჩრდილო ფერდობები. ამ ტყეების დომინანტებია Juniperus foetidissima (აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვეთის სახეობა) და J. polycarpus (წინა აზიური სახეობა). ვაშლოვანში ეს სახეობები საკმლის ხის ტყის კომპონენტებია. გარდა ამ სახეობებისა, ამ ეკოსისტემაში გავრცელებულია კავკასიური Juniperus oblonga და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვური J. rufescens. ხშირად ღვიიან ნათელ ტყეებს უკავიათ ტყის შემდეგ განვითარებული მცენარეულობის ადგილი.

ტყის ბიომს საქართველოს ტერიტორიის 36,7% უკავია. სხვადასხვა ტიპის ტყეების წილი შემდეგნაირია: წიფლნარები – 51%, სოჭის ტყეები – 10%, მუხნარები – 3,3%, ნაძვნარები – 6,3%, ფიჭვნარები – 3,6%, მურყნარები – 3%, წაბლის ტყეები – 2,1%, არყნარები – 2%. ტყეების დანარჩენ ფართობს ხემცენარეთა სხვადასხვა სახეობები ქმნის (Carpinus caucasica, Tilia caucasica, Acer platanoides, A. trantvetteri, Fraxinus exscelsior და სხვ.).

მუხნარები (Quercus iberica): გვხვდება აღმოსავლეთ საქართველოს ტყის სარტყლის ქვედა ნაწილში (600-700 მეტრიდან). სახეობრივი შემადგენლობის მიხედვით სხვადასხვა ვარიანტები გამოიყოფა.

წიფლნარები (Fagus orientalis): გავრცელებულია ტყის სარტყლის შუა და ზედა ნაწილში. ერთ-ერთ ყველაზე დამახასიათებელ სახეობას წარმოადგენს კავკასიური რცხილა (Carpinus caucasica).

ფიჭვნარები (Pinus spp.) გვხვდება ზღვის დონიდან 1700-2400 მეტრის ფარგლებში. ეს ეკოსისტემები მდიდარი ფლორისტული შემადგენლობით გამოირჩევიან. დამახასიათებელი სახეობებია: არყი, წიფელი, სოჭი და სხვ.

მუხნარ-ფიჭვნარი: ფიჭვთან ერთად ამ ეკოსისტემას ქმნის მაღალი მთის მუხა. ამ ტყეებს ვხვდებით აღმოსავლეთ საქართველოში 800-1100 მ. სიმაღლის ფარგლებში, ხოლო აჭარაში მისი გავრცელების ზონა გაცილებით დაბალი სიმაღლეებიდან იწყება (300 მ-დან 1100-1200 მ-მდე).

უთხოვრის (Taxus baccata) ტყეები: შემონახულია რელიქტური ტყის სახით ბაწარას ხეობაში, ალაზნის ზემო დინებაში. 

ნეკერჩხლიანები (Acer velutinum): ეს ტყეები მხოლოდ ალაზნის ველზეა გავრცელებული. მისი ზედა ზღვარი 1000 მ-ს არ აღემატება.

კოლხური ტყეები: დასავლეთ საქართველოში, კოლხეთის დაჭაობებულ დაბლობზე, ზღვის დონიდანვე იწყება მურყნარები (Alnus barbata), ლაფნარები (Petocarya pterocarpa), ნაკლებ ტენიან ადგილებში გავრცელებულია მუხნარები (Quercus iberica, Q.hartwissiana), რცხილნარები (Carpinus caucasica), წაბლნარები (Castanea sativa). ეს ტყეები მდიდარია ლიანებით (Hedera colchica, Smilax excelsa, Vitis sylvestris).

ბიჭვინთის ფიჭვის (Pinus pithyusa) ტყე: ბიჭვინთის ფიჭვი რელიქტური სახეობაა. ამ ტყისთვის დამახასითებელია ხმელთაშუაზღვისპირეთის ფლორის წარმომადგენლები.

დასავლეთ საქართველოს ტყეებისთვის დამახასიათებელია რელიქტური გართხმული ბუჩქების, მათ შორის, მარადმწვანეების ქვეტყე. ზოგიერთ რაიონში (აფხაზეთსა და სამეგრელოს კირქვიან მთებში) გვხვდება ბზა (Buxus colchica). დასავლეთ საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში (იმერეთში) ტყის ქვედა და შუა სარტყელში გაბატონებულია იმერეთის მუხა (Quercus imeretina), რომელიც ძელქვასთან (Zelcova carpinifolia) ერთად ქმნის აჯამეთის ნაკრძალის ძელქვნარ-მუხნარ ტყეებს.

კავკასიის მთებში განსაკუთრებით უნდა გამოიყოს სუბალპური სარტყლის ტყის (2400-2750 მეტრი ზღვის დონიდან) ზედა საზღვრის მცენარეულობა, რომელიც გამოირჩევა როგორც დიდი მრავალფეროვნებით, ისე იშვიათი ენდემური და რელიქტური სახეობების სიუხვით. სუბალპური სარტყლის მცენარეულობისათვის დამახასიათებელია შემდეგი ტყიანი ფორმაციები: მეჩხერი ტყეები:

მეჩხერი, ანუ «პარკისებური ტყეები» გვხვდება 1800-1900 მ-ის ზემოთ. მეჩხერ ტყეს წარმოქმნიან ძირითადად მაღალმთის ბოკვი და მაღალმთის მუხა. გარდა ამისა, «პარკისებურ ტყეს» ქმნიან (უფრო ხშირად ანთროპოგენური ზემოქმედების შედეგად) წიფელი, ნაძვი, ფიჭვი და სხვ.

ტანბრეცილი ტყეები: კავკასიის სუბალპურ ტანბრეცილ ტყეებს ქმნიან წიფელი, არყის სხვადასხვა სახეობები, მაღალმთის ბოკვი, კოლხური თხილი, იმერული ხეჭრელი და სხვები. განსაკუთრებით საყურადღებოა კოლხეთის ტანბრეცილი ტყეები, სადაც კლიმატი არა მარტო ძალიან ტენიანი, შედარებით რბილიცაა. ეს ტყეები მდიდარია ენდემური და რელიქტური სახეობებით (მაგ. პონტოური მუხა, მეგრული არყი, მედვედევის არყი და სხვ.)